English / ქართული / русский /
რევაზ ჯავახიშვილი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა და მისი ძირითადი ტენდენციები საქართველოში

ანოტაცია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის რეციპიენტი ქვეყნის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების რეალიზაციაში უცხოური კაპიტალის მონაწილეობის ფორმა, რომელიც გულისხმობს უცხოური აქტივების შეძენას მათზე კონტროლის განხორციელების მიზნით. ნაშრომში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეკონომიკის რეფორმირების ცალკეული ეტაპების მიხედვით, გაანალიზებულია საქართველოში უცხოური ინვესტიციების დინამიკის ძირითადი ტენდენციები და თავისებურებები. მასში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკების მართვისა და დაძლევის მექანიზმების შექმნასა და გამოყენებაზე; ამ საქმეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გაფართოებისა და გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებაზე.

საკვანძო სიტყვები: უცხოური ინვესტიციები, საინვესტიციო პროექტები, საინვესტიციო აქტივობა, ეკონომიკური შოკები, სტაბილური ინვესტორები.

შესავალი

გლობალიზაციის ეპოქაში უცხოური ინვესტიციები ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. უცხოური ინვესტიციების მოზიდვით დიდად არიან დაინტერესებული როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნები. ასეთი ინვესტიციები დიდ როლს ასრულებს როგორც ინვესტორი, ისე რეციპიენტი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების რეალიზაციაში. კაპიტალის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის იგი წარმოადგენს შემოსავლების მიღებისა და წარმოების ეფექტიანობის ამაღლების მნიშვნელოვან წყაროს, საქონლის წარმოებისა და მომსახურების გაფართოების რეალურ საშუალებას.

კაპიტალმიმღები ქვეყნებისთვის კი უცხოური ინვესტიციები არის ეკონომიკის განვითარების ძირითადი (ზოგჯერ ერთადერთი) წყარო, ეკონომიკის რეფორმირების, საწარმოო და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მთავარი საშუალება. პირდაპირი ინვესტიციები უნდა იყოს მსხვილმასშტაბიანი და გრძელვადიანი, რაც უზრუნველყოფს ინვესტირებულ საწარმოთა ეფექტიან ფუნქციონირებასა და განვითარებას. თანამედროვე პირობებში საერთაშორისო საინვესტიციო პროცესების ინტენსიური განვითარების ძირითად სტიმულს წარმოადგენს მსხვილი ბიზნესის მიერ ახალ-ახალ ბაზრებზე თავისი საქმიანობის გაფართოების, წარმოების რაციონალიზაციის, დანახარჯების შემცირების, სხვადასხვა ქვეყნების რესურსებისა და სტრატეგიული აქტივების დაუფლების გზით საერთაშორისო დონეზე თავისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება. 

* * *

საქართველო, როგორც განვითარებადი ქვეყანა, სისხლხორცეულადაა დაინტერესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ინვესტიციების მოზიდვის წახალისებისა და მათი დაცვის მიზნით, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა მათი საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და სრულყოფის მიმართულებით. პარლამენტის მიერ 1995-1999 წლებში მიღებული კანონებისა და მათში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ქვეყანაში შეიქმნა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციების განხორციელებისა და დაცვის სამართლებრივი გარანტიები. ცხადია, ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რაზედაც ნათლად მეტყველებს 1-ლი დიაგრამის მონაცემები.                                                                              

 

დიაგრამა 1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა საქართველოში

2000-2019 წწ. (მლნ აშშ დოლარი) [3] 

როგორც მონაცემებიდან ჩანს, 21-ე საუკუნეში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ამასთან, მისი ზრდა ცალკეული პერიოდების მიხედვით განსხვავებულია, რაც ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირების ეტაპების თავისებურებებითაა განპირობებული. როგორც უკვე აღინიშნა, რეფორმირების საწყის ეტაპზე (1995-1998), ქვეყანში უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად არ შემოსულა (გარდა 3753 ათ. დოლარი უკრაინული ინვესტიციისა). შემდგომშიც, 2002 წლამდე, ინვესტიციების შემოდინება კვლავ მცირე ზომით ხორციელდებოდა, რაც უნდა აიხსნას საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილებით, კორუფციის მაღალი დონით, ქვეყნის არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობითა და ინვესტირების სხვა არახელსაყრელი გარემოებებით.

2003 წლიდან, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, საქართველოში ინვესტიციების შემოსვლა იზრდება. 2000-2006 წწ. იგი 8,7-ჯერ, ხოლო წინა წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაიზარდა. მისი მატება მაღალი იყო 2007 წელსაც, როცა მან 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა და წინა წელთან შედარებით 69,2%-ით გადიდდა. ეს განპირობებული იყო ქვეყნის გავლით ნავთობისა და გაზსადენების მშენებლობასა და რეაბილიტაციასთან, საპორტო ნაგებობების, აეროპორტებისა და სხვა დიდი ობიექტების პრივატიზაციასა და მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყანაში მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების შემოსვლით. ინვესტიციების ასეთმა ზრდამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გათვლით (1 მლნ ინვესტიცია უდრის 50 სამუშაო ადგილს), ქვეყანაში დამატებით შექმნა დაახლოებით 350 ათასი სამუშაო ადგილი [4].

მომდევნო 2008 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოსვლა, წინა წელთან შედარებით, 23%-ით შემცირდა, რაც გამოიწვია 2008 წლის აგვისტოს ცნობილმა მოვლენებმა – საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულმა აგრესიამ, რამაც საგრძნობლად გააუარესა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი, რის გამოც 2008 წლის მე-3 კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ინვესტიციების შემოსვლა 77,8%-ით შემცირდა. ასეთი ტენდენცია 2009 წელსაც გაგრძელდა, როცა ქვეყანაში 3-ჯერ და უფრო მეტად ნაკლები ინვესტიციები შემოვიდა, ვიდრე 2007 წელს.

ინვესტიციების ზრდა შეიმჩნევა 2010, განსაკუთრებით კი 2011 წლიდან, როცა მან 1117 მლნ დოლარს გადააჭარბა. შემდგომში მისი გარკვეული შემცირების მიუხედავად, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში კვლავ იზრდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. 2014 წელს მან 1836,9 მლნ დოლარს მიაღწია, რაც 2-ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე 2012 წელს. 2015-2016 წწ. მისი უმნიშვნელო შემცირების მიუხედავად, 2017 წელს ქვეყანაში 2,2-ჯერ მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე 2012 წელს.

მონაცემებით დასტურდება, რომ 2018-2019 წწ. საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოსვლა საგრძნობლად შემცირდა, რაც ძირითადად განპირობებულია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების (კერძოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის) დასრულებით, აგრეთვე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორების ვალდებულებების (საკრედიტო დავალიანების დაფარვით) და რეინვესტირების მოცულობის შემცირებით [4].

საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოსვლის შემცირების ტენდენცია 2020 წელსაც გაგრძელდა, კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოვიდა სულ 165,4 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც 41,7%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. მეორე კვარტალში, 2019 წლის ამავე კვარტალთან შედარებით, ინვესტიციების შემოდინების უმნიშვნელო (0,6%-ით) ზრდის მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლა 25,6%-ით შემცირდა [3]. ეს გარემოება, ჩვენ მიერ ზემოთ დასახელებული პროექტების დასრულების გარდა, განაპირობა მ.წ. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის სწრაფად გავრცელებამ. საწყის ეტაპზე ვირუსის გავრცელების შეკავების დროული პრევენციის მიუხედავად, შემოდგომაზე საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა ვირუსის შემოტევის მეორე ტალღა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი გავრცელების არეალი და მასშტაბები, საგრძნობლად გააუარესა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. მან სერიოზული დარტყმა მიაყენა, პირველ რიგში, საგარეო ვაჭრობასა და საერთაშორისო ტურიზმს.

კორონავირუსის ეპიდემია გლობალური გამოწვევაა, რასაც შედეგად მოჰყვა თავისუფალი ფინანსური სახსრების – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოძრაობის დიდი შეფერხება, ეკონომიკური აქტივობის საგრძნობი შენელება. უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისი და რეცესია, თავისი მასშტაბითა და ზომით, უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი ეკონომიკური კრიზისი. კლასიკური ეკონომიკური კრიზისისაგან განსხვავებით, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ეკონომიკურ ფაქტორსა თუ სექტორთან, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი (შოკი) ზემოქმედებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტზე, საფრთხეს უქმნის მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვისა და მთლიანად ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გლობალიზაციის გაღრმავების პირობებში, ვირუსების გაჩენა-გავრცელება და პანდემიები მომავალშიცაა მოსალოდნელი. ჩვენ უნდა სათანადოდ გავაცნობიეროთ და ვისწავლოთ ნებისმიერ ვირუსთან თანაარსებობა და თანაცხოვრება არა მხოლოდ მისი პრევენციის, გავრცელების შეკავებისა და მასთან გამკლავების თვალსაზრისით, არამედ მის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისებისა და შოკების მართვისა და დაძლევის თვალსაზრისითაც. კორონავირუსმა უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას. 2020 წელს დაგეგმილი 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, მოსალოდნელია მისი 4%-იანი ვარდნა. თუმცა, დაუძლევადი არაფერია. საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციების შეფასებით, სტრუქტურული რეფორმების შედეგად, საქართველოს ეკონომიკა თანდათან აუცილებლად გაჯანსაღდება, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ფონზე, შემდგომში ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებში მოსალოდნელი დადებითი ძვრები, რამდენადაც ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის ძირითად წყაროდ მხოლოდ საგარეო მოთხოვნასა და საერთაშორისო ტურიზმზე დამოკიდებული საქმიანობები რჩება. სწორედ ასეთი გაჯანსაღების ფონზეა გათვლილი 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკის 4%-იანი ზრდა, რაზედაც დადებით გავლენას იქონიებს აგრეთვე შიდა მოთხოვნის გაფართოება, ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა.

საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების იმედს იძლევა ბიზნესის კეთებაში მოპოვებული წარმატებები (მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი), ეკონომიკური გახსნილობის მაღალი დონე (თავისუფლების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში მე-12 ადგილი) და დაბალი საგადასახადო ტვირთი (9,9%). ყოველივე ეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ბიზნესის კეთებას ქვეყანაში და საგრძნობლად ზრდის მის საინვესტიციო მიმზიდველობას, რაც მომავალში დიდად შეუწყობს ხელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და მისი გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებას.

დასკვნა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ინვესტიციების მოზიდვის წახალისებისა და დაცვის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები, რამაც შექმნა ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისა და დაცვის სამართლებრივი გარანტიები. ნაშრომში, ეკონომიკის რეფორმირების და განვითარების ცალკეული ეტაპების შესაბამისად, გაანალიზებულია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკის ძირითადი ტენდენციები და თავისებურებები, მათი განმსაზღვრელი ფაქტორები, მასში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, კორონავირუსის პანდემიის ზემოქმედების უარყოფით შედეგებზე.

ნაშრომში გაკეთებულია დასკვნა, რომ ასეთი პანდემიები მომავალშიცაა მოსალოდნელი და ჩვენ სათანადოდ უნდა გავაცნობიეროთ და ვისწავლოთ მათთან თანაარსებობა და თანაცხოვრება არა მხოლოდ მათი პრევენციის, გავრცელების შეკავებისა და მათთან გამკლავების თვალსაზრისით, არამედ მათ მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისებისა და შოკების მართვისა და დაძლევის თვალსაზრისითაც. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თსუ პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული, თბ., 2018.
  2. Гриффин И., Пастей М., Международный бизнес, М., 2006.
  3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წლიური ანგარიშგებითი მასალები. www. geostat.ge
  4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წლიური ანგარიშგებითი მასალები. www.economy.ge
  5. www.geoeconomics.ge.